logo
ENG



ტრამპმა უარი თქვა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გამოექვეყნებინა - ჯონ ბოლტონის წიგნი 

23 ივნ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

ტრამპს ოფიციალური და პირადი ურთიერთობების გამიჯვნა უჭირს, - ამ და სხვა მძიმე ბრალდებებით სავსე მემუარების მიმართ ამერიკაში ინტერესი სულ უფრო მძაფრდება. რუსეთთან, ირანთან, ნატოსთან და საქართველოსთან ტრამპის დამოკიდებულების შესახებ ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი 592 გვერდიან წიგნში წერს.

მემუარებში აღწერილია, რატომ თქვა უარი ამერიკის პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან ათი წლის საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია გამოეხატა. „ოთახი სადაც ეს მოხდა“ ამ სახელწოდების წიგნისთვის ამერიკის იუსტიციის სამინისტრო ბოლტონს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებდა და დაბლოკვას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ წიგნი არ დაბლოკა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, რომელშიც ეს მოხდა“, აღწერილია თუ როგორ და რატომ თქვა უარი ტრამპმა, აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გამოექვეყნებინა. ბოლტონი ამბობს, რომ ტრამპს პირადი და ოფიციალური ურთიერთობების გამიჯვნა უჭირს და ჰგონია, რომ თუკი უცხო ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას გააკრიტიკებს, ამ ქვეყნის ლიდერთან კარგი პირადი ურთიერთობა ვერ ექნება.  

ტრამპის გადაწყვეტილება, არ გაეკეთებინა საქართველოს მხარდამჭერი და რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადება აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებით, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის აზრით, ადასტურებს ფაქტს, როგორ მოდის ამერიკის თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში პრეზიდენტის პირადი მოსაზრება.  

ალიანსის დასუსტება მოსკოვის მრავალწლიანი სტრატეგიული ინტერესია - ბათუ ქუთელია განმარტავს, რომ თუნდაც რიტორიკით, იქნება ეს ალიანსიდან ამერიკის გამოსვლაზე თუ გერმანიიდან ჯარის გამოყვანაზე, რუსეთს ამ თემით მანიპულირების საშუალება ეძლევა.  

ბოლტონის წიგნში საუბარია, თუ როგორ პირდებოდა ტრამპი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს დახმარებას თურქული „ჰალქბანკის“ საქმეში, რომელსაც ირანის სანქციების სავარაუდო დარღვევების გამო შეერთებული შტატები იძიებდა. წიგნი საუბარია, რომ ტრამპი ვერ ერკვეოდა გლობალურ საკითხებში. მათ შორის ეშლებოდა საკითხები ისტორიასა და გეოგრაფიაში. ბოლტონის თქმით ტრამპმა არ იცოდა, რომ ბრიტანეთი ბირთვული სახელმწიფო იყო და ამის შესახებ ტერეზა მეისთან შეხვედრაზე იკითხა. წიგნის ავტორი საუბრობს ტრამპი-პუტინის ჰელსინკის შეხვედრის ორგანიზებაზეც. ბოლტონი წერს, რომ რუსებს ვენაში შეხვედრა სურდათ, ამერიკელებს ჰელსინკიში. ტრამპი ვენას თანხმდებოდა, თუმცა გადააფიქრებინეს. წიგნში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მისი აპარატის უფროსს ჰკითხა, იყო თუ არა ჰელსინკი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.  

ბოლტონის მემუარები გაყიდვაში დღეიდან გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცადა, მისი გამოცემა შეეჩერებინა.

„მეც ვიყავი იმ ოთახში“ - ასე გამოეხმაურა ბოლტონის მემუარებს სახელმწიფო მდივანი. მაიკ პომპეომ თქვა, რომ ბოლტონი სიცრუეს და ნახევრად სიმართლეს ავრცელებს. მისი თქმით საწყენი და საშიშია, რომ ბოლტონის ბოლო საჯარო როლი მოღალატეობრივია, რომელმაც ამერიკა დააზიანა.


close დახურვა